среда, 10 июня 2009 г.

ტრეფიკინგი – დაუნდობელი იარაღი ერის მორალისა და ფსიქიკის წინააღმდეგ

 



            ტრეფიკინგი”-

-( traffic - ტრანსპორტირება, მოძრაობა,ვაჭრობა) ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ტრეფიკინგი გლობალური პრობლემაა და ტრანსნაციონალური დანაშაულია. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ჩამორთმევა. იგი გულისხმობს ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, გადამალვას; მუქარის, ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოებით ვაჭრობას.

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითადება ტრეფიკინგიც. იზრდება მისი მასშტაბები, სისასტიკე და მოთხოვნილებები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. მისი წლიური მოგება 8-9 მილიარდი აშშ დოლარია. ყოველწლიურად ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება 900 ათასიდან –4 მილიონამდე ადამიანი. აქედან, 18-20 ათასი აშშ-ში იგზავნება. დაუდგენელია შიგა ტრეფიკინგის შემთხვევათა რაოდენობა. 
მონობის წინააღმდეგ კონვენცია მოქმედებს 1926 წლიდან, ხოლო კონვენცია ადამიანებით ვაჭრობისა და მეძავთა ექსპლოატაციის შესახებ მიღებული იქნა 1945 წელს. 1996 წელს ძალაში შევიდა დამატებითი კონვენცია მონობის გაუქმების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. არსებობს ასევე რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება: სამოქლაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1996 წ.), კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989 წ.), მიგრანტთა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის კონვენცია (1990 წ.) და ა.შ. 
1990 წლიდან ამ პრობლემას ინტენსიურად შეისწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები. შვედეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც მიიღეს რადიკალური კანონი ტრეფიკინგის, კონკრეტულად კი ქალის სექსუალური ექსპლოაციის წინააღმდეგ. 2000 წელს აშშ-ში ძალაში შევიდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ავალებს, წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადმიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

ყველასათვის ცნობილია, რომ ევროპასა და ამერიკაში, ოფიციალურად თუ არალეგალურად, არაერთი ქართველი მუშაობს. მათი რიცხვი ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის გამოკვლევით მილიონ-ნახევარ ადამიანს შეადგენს. კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მშრომელი ადამიანი გაცილებით მეტ მატერიალურ სარგებლობას აძლევს ქვეყანას, სადაც შრომობს, ვიდრე შრომისთვის იღებს გასამრჯელოს. ამ მარტივი ჭეშმარიტების წყალობით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და გამოვთვალოთ, თუ რა ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსები გაედინება ჩვენგან მინიმალური ანაზღაურებისათვის (საერთაშორისო სტანდარტებით).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, 2003 წელს შეტანილი იქნა ცვლილებები, სადაც პირველად დაფიქსირდა სიტყვა “ტრეფიკინგი”. ამგვარ დანაშაულში ბრალდებული ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, ტრეფიკინგთან ბრძოლა არაეფექტურია, რადგან მასზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები (რომელიც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს “სასურველი გარემოს” უქმნის ამ მოვლენაში ჩასათრევად):
სიღარიბე და უკეთესი ცხოვრების სურვილი;
ტრეფიკინგის შედეგების იგნორირება;
საზოგადოებრივი ფასეულობების დევალვაცია;
პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა;
იაფი მუშახელის მოთხოვნა;
დიდი მოგება და ა.შ.
გაეროს კონვენციის “ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შეფასების ხელსაწყოს” 2003 წლის ანგარიშთა თანახმად, საბერძნეთი, აშშ და თურქეთი ის ქვეყნებია, სადაც ხდება საქართველოდან ადამიანების ტრეფიკირება. ამ ქვეყნებში (და არა მარტო აქ), ფეხი მოიკიდა ისეთმა სენმა, როგორიცაა ცოცხალი “საქონლით” ბაზრობა, ანუ ცოცხალი ბაზრის შექმნა. ვგულისხმობთ ქალებით ვაჭრობას. ქალთა ექსპლოატაცია დაუშრეტელი სექსუალური ფანტაზიის დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს ყველას, ვისაც საამისო მატერიალური საშუალება აქვს. კომერციული სექს-ინდუსტრია მომხმარებელს შეუზღუდავად სთავაზობს სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, ეროვნების ქალებს. სამწუხაროდ, პოპულარული გახდა ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების იძულებითი პროსტიტუცია. ფსიქოლოგების მოსაზრებით, ამ ტენდენციას თავად ქალიც უწყობს ხელს, რადგან მას დედის როლი ავალდებულებს იზრუნოს და ყველა გზა მოსინჯოს სწორედ შვილების რჩენისათვის. ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში, ყველა გზა სწორედ საზღვარგარეთ მიდის.

ნათელი მიზეზების გამო ძალიან რთულია ადამიანით უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვება. ცნობილია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, რომელთაც ხშირად იძულებით რთავენ პროსტიტუციურ საქმიანობაში. სინამდვილეში კი საქართველოდან რუსეთში გადაჰყავთ და ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება უფრო მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალი, რომელთაც ძირითადად მონური სამუშაოს შესრულება უხდებათ. თურქეთი და საბერძნეთიც ხშირად გამოიყენება ქართველი მამაკაცების ტრეფიკინგისათვის. საბერძნეთი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ქართველებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის გზებს ეძებენ იმიტომ, რომ იქ უკვე ცხოვრობს საკმაოდ დიდი დიასპორის მოსახლეობა.

საქართველოში ნაკლებადაა აფიშირებული მამაკაცთა ტრეფიკინგი, ორგანოების უკანონო ტრანსპლანტაციისა და ბავშვების პროსტიტუციის შემთხვევები.

ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად, მომგებიან და უკონტროლო სახეს სექს-ვაჭრობა წარმოადგენს. ქალის, როგორც სავაჭრო საგნის იმიჯს ამყარებს მასკულტურაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები და ქალის დაქვემდებარებული სტატუსი. ტრეფიკინგი გენდერულ ძალადობად განიხილება. ძირთადად, იგი დამახასიათებელია ეკონომიკური კრიზისის კერებისათვის
ტრეფიკინგის ამოსავალი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. ადამიანს არა აქვს სამუშაოს შოვნის პერსპექტივა. ასეთი ადამიანი უუფლებოა. არ არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც იტყვის, რომ სურს იყოს ძალადობის ობიექტი. საზღვარგარეთ ყველა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით მიდის. ამასთან ერთად, მიდიან ისეთები, ვისაც აქვს პროფესია, განათლება, გამომუშავებული აქვს სამუშაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება. ადამიანები ბუნებრივია ადვილად თანხმდებიან ნებისმიერ სამუშაოს (საკუთარ ქვეყანაში ან ძალზე დაბალია ანაზღაურება, ან არ არის სამუშაო ადგილი). 
საქართველოდან წასულები უცხოეთში ვარდებიან იმ სინდიკატების ხელში, რომლებიც ცოცხალი “საქონლით” ვაჭრობენ. აეროპორტებში სააგენტოებიც კი არის შექმნილი, რომლებიც ღამის კლუბებსა და ბორდელების მომარაგებაზე ზრუნავენ. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ სიტუაციის ჩვენივე თანამემამულეები უწყობენ ხელს. ძალიან ბევრი საშუამავლო თუ ტურისტული ფირმა მოტყუების გზით ახერხებს ხალხის გადაყვანას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში და ფაქტობრივად ამ საშაულბათა ხელშემწყობი ხდებიან.
სამწუხაროდ ტრეფიკინგისათვის ქართველები საუკეთესო “მასალას” (!) წარმოადგენენ. მოწინავე ქვეყნის მოქალაქის სხვა ქვეყნებში დაკარგვის შემთხვევაში, საქმის ძიებაში ებმება ქვეყნის უმაღლესი პირები ... ჩვენთან კი, ემიგრანტების ყოფას არავინ აკონტროლებს. ეს ხალხი არალეგალურად გადადის, მაგრამ მაინც შესაძლებელია მოხდეს მათი აღრიცხვა და საქმიანობის გაკონტროლება. ისისნი მძიმე მდგომარეობაში არიან, ყველაზე სათაკილო და შავ საქმეებს ქართველები აკეთებენ. 

                                                                     მიუხედავად დიდი მიგრაციული 
                                                                     ნაკადისა გასული 13 წლის განმავლობაში პოლიტიკურ                                                                      თავშესაფარზე განაცხადი მხოლოდ 
                                                                     46360 ადამიანს ჰქონდა შეტანილი, დანარენები                                                                                  რჩებოდნენ არალეგალურად. 

საქართველოში ტრეფიკინგის გავრცელებას ხელს უწყობს მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. იგი როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ხელს უწყობს რუსეთიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან ტრეფიკირებული ხალხის მოხვედრას თურქეთში. აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ უკვე მიგრაციების დიდი ნაწილი შეგნებულად მიდის ამ “სატყუარაზე” მიდის დამალულად, აკრძალული წესით ავტობუსების საბარგულებით (მომრავლდა უბედური შემთხვევები გადაყვანისას ...) და ეს ყველაფერი ისე სისტემატიურად ხდება, რომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ფორმით მიგრაციების გადაყვანას და თანაც ასეთი მნიშვნელოვანი რაოდენობით თავის თავზე იღებდნენ მხოლოდ ავტობუსის მძღოლები ან ის სააგენტოები, რომლებიც ასე არ არის დაფარული ფაქტი. ეს უკვე კარგად დამუშავებული სქემაა და ამით საკმაოდ დიდი ფული კეთდება, რომელსაც ვერავინ ვერ გაბედავს სათანადო მფარველის გარეშე. ეს მოვლენა საგანგაშოა ყველა თვალსაზრისისთ. ქართველის აზროვნება და ფსიქიკა თანდათან უხეშდება, ბინძურდება. იგი უარს ამბობს ისეთ ღირებულებებზე, იმ გენეტიკურ ფასეულობებზე, რომელიც ერს საუკუნეების მანძილზე ჩამოუყალიბდა, დაუმკვიდრდა.
ტრეფიკინგი მით უფრო საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის, რომელთა გადარჩენა და არსებობა ყოველთვის ბეწვზე ეკიდა. არ შეიძლება თავის დამშვიდება იმით, რომ ეს გლობალური მოვლენაა და ყველას “ითრევს” (ზედმეტ-ნაკლებად). გლობალიზაციას უამრავი დადებითი ფაქტორები ახლავს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ეკონომიკურად ჩამორჩენილი, არასტაბილური მდგომარეობის მქონე ქვეყნები მისგან საჩუქრად მხოლოდ უარყოფითს იღებდნენ.
მიმდინრე პროცესების შედეგები საუკუნეების მანძილზე გაჰყვება ჩვენს ქვეყანას მოურჩენელ ჭრილობად. სწორედ ამიტომ პირველ რიგში მისახედია ამ მოვლენის სამართლებრივი მხარე, მისაღებია კანონი მიგრაციის შესახებ. სწორედ ამ კანონმა უნდა შეასრულოს დიდი როლი დარეგულირებული მიგრაციული პროცესების ჩამოყალიბებაში.

ლიტერატურა:
1მამიაშვილი ფ. ტრეფიკინგი და შრომითი მიგრაცია//საქართველოს ეკონომიკა. 2005 წ.
2. ქავთარაძე ფ. იაფი “სასახლეების” ქვეყანა!//გაზ“კვირის პალიტრა”.__ 2006 წ.__№7 8-14 მაისი.
3. დევიძე დ. ასე გვაქციეს მონებად //გაზ. “კვირის პალიტრა’’. _ 2005 წ._5-11 სექტემბერი
4. Малли Корсо „Тгефикинг оборачивается человеческими жертвами“. Грузия _ 06.03..06  
5.http://www.eurasianet.ong
6.www.humanrights.ge
7. მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] //გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов.თბ. : კავკას. სახლი. _ 2003 - 112გვ.
8. ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.// ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი. თბ. _ 2005 გვ.127.
9.www.stop-trafficking.com
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო _ www.police.ge.



   






Комментариев нет:

Отправить комментарий